logo
ENG



სულაძე: ივერი მელაშვილი "ოცნებამ" დააკავა, რომ აჩვენოს, თითქოს მიწები ენმ-ის დროს გასხვისდა

10 ოქტ 202012:39
3 წუთის საკითხავი
 

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის კომისიის ხელმძღვანელის, ივერი მელაშვილის ცოლის, თამარ სულაძის განცხადებით, დავით გარეჯის საქმეზე მისი ქმრის და ნატალია ილიჩოვას დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან ქართულ ოცნებას წინასაარჩევნოდ ხმების მიღება სურს. 

მისივე განცხადებით, ივერი მელაშვილს საქართველოს მიწების საწინააღმდეგოდ არაფერი არ გაუკეთებია. 

"ეს ყველაფერი რაც ხდება დიდი უსამართლობაა. ეს საქმე არ შეეხებოდა ჩემს მეუღლეს, რომ არა დიდი სპექტაკლი, რომელიც დადგეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა. მათ ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ეჩვენებინათ, ვითომ ნაციონალების დროს მოხდა მიწების გასხვისება, ხოლო თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან, გადაარჩინეს საქართველო და ამით ცდილობდნენ მოეპოვებინათ ხმები. ეს სპექტაკლი ერთი და ორი დღის დადგმული არ არის. წელიწადი და წელიწადზე მეტი მიმდინარეობდა ამ საქმეზე მუშაობა. 

როდესაც ღალატში დაადანაშაულეს კომისიის წევრები, ჩემმა ქმარმა ვერ მოითმინა, რადგან პატიოსანი და პატრიოტი ადამიანია, რომელმაც ხელი შეუშალა ქართულ ოცნებას ამ სპექტაკლის განხორციელებაში. როდესაც ივერიმ თქვა, რომ არაფერი არ მომხდარა საქართველის მიწების საწინააღმდეგოდ, შემდეგ მათ დააკავეს ეს ორი ადამიანი და წარუდგინეს ბრალი". - აცხადებს სულაძე.

მისივე თქმით, საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიაში სხვა წევრებიც არიან, თუმცა მხოლოდ ორი ადამიანი იმიტომ დააკავეს, რომ მათ ხმა ამოიღეს.

"ჩვენი სიმდიდრე ჩვენი პატიოსნება და ჩვენი ქვეყნის სიყვარულია. ამ კომისიაში სხვა წევრებიც არიან, თუმცა მხოლოდ 2 ადამიანი დაადანაშაულეს, ალბათ იმიტომ, რომ სხვას არ ამოუღია ხმა". - თქვა თამარ სულაძემ.

8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 

გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".

პროკურატურა ირწმუნება, რომ საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ და არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ "მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 500 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან". 

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი".

შესაბამისად, მელაშვილის განცხადებით, 1:200 000-იან რუკას, რომლის მიხედვითაც დავით გარეჯის იქითა მხარე საქართველოს შემადგენლობაშია, მტკიცებულებად აზერბაიჯანულ მხარეს ვერ წარუდგენდნენ, "იმიტომ, რომ მეორე მხარეც ძალიან მარტივად ჩაუტარებს ექსპერტიზას და დაადგენს, რომ ასე არაა". 

რაც შეეხება 1937 წელს გამოცემულ 1 : 500 000-იანი მასშტაბის რუკას, კარტოგრაფის თქმით, 1938 წელს ამიერკავკასიის სამმა ქვეყანამ შეათანხმა საზღვრები ამ რუკაზე, მოეწერა ხელი საზღვრის გამავლობას და დაამტკიცა სამივე უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა. შესაბამისად, მისი განცხადებით, ეს არის სამართლებრივი აქტი. 

ასევე, საზღვრის დადგენაზე გადაწყვეტილებას სახელმწიფოები იღებენ, კომისიის წევრები კი ორივე ქვეყნის მხრიდან მხოლოდ დოკუმენტებს შეისწავლიან და რეკომენდაციებს გასცემენ. 

ამასთან, როგორც პროკურატურა ამბობს, კომისიის საქმიანობაზე გამოძიება 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს მასალები, რის საფუძველზეც პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მიაწოდა, რომელსაც, თავის მხრივ, რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომელთან აქვს კავშირი. 


close დახურვა